
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ლია გიგაურის ინფორმაციით, წითელი ჯვრის წარმომადგენლები ოკუპანტების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს, სავარაუდოდ, დღეს, 27 ივლისს მოინახულებენ.
მქონდა შეხვედრა პერსონალური წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან საქართველოში, რომელმაც მითხრა, რომ ის პრობლემები, რომლებიც შეექმნა წითელ ჯვარს მონახულებასთან დაკავშირებით, დაკავშირებული იყო საკარანტინო პერიოდთან. სწორედ ეს მიზეზი დაუსახელეს მათ, რომ ეს პერიოდი უკვე დასრულებულია და მათ აქვთ მოლოდინი, რომ სწორედ დღეს ექნებათ საშუალება მოინახულონ ზაზა გახელაძე. რაც შეეხება მის მდგომარეობას, ამაზე ინტენსიურად გვაწვდიან ინფორმაციას, რომ მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასევე პირობები, რომელშიც იმყოფება, არის დამაკმაყოფილებელი, - თქვა ლია გიგაურმა.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცხინვალში ოკუპანტების მიერ დაკავებული 3 საქართველოს მოქალაქე რჩება, მათ შორის ერთი ზაზა გახელაძეა.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი დააკავეს. გუშინ, 26 ივლისს გახელაძე საკარანტინო სივრციდან ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
საოკუპაციო რეჟიმმა 18 ივლისს საქართველოს მოქალაქეზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ზაზა გახელაძე დაკავებულია და კარანტინშია გადაყვანილი.
საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ გახელაძე არ დაემორჩილა სამხედროების მოწოდებას, მინიმუმ 5-ჯერ მაინც ესროლა ერთ-ერთ მათგანს და საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიჭრა. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა ბრალი რუსეთი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს.
საოკუპაციო რეჟიმმა ქართული მხარე კონფლიქტის მოუგვარებლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან "აბსურდულ პრეტენზიებს" გამოხატავს. კაბულოვის თქმით, "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის" არაღიარებით, ქართული მხარე კონფლიქტის ცივილიზებული გზით მოაგვარების ყველა შანსს კარგავს.
კაბულოვმა მიკერძოებულობაში და საქართველოს სასარგებლო, არაობიექტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტს აქტიურად დააკვირდება.
ოკუპირებული ცხინვალის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას და დასავლელ კურატორებს "უნდა ესმოდეთ", რომ ზაზა გახელაძეს არა მათი დახმარება, არამედ კვალიფიციური იურისტები სჭირდება.