სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე აქტირური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ თემაზე კომენტარი მან მედიასთან გააკეთა და აღნიშნა, რომ შედეგებს საზოგადოებას აუცილებლად გააცნობენ.
დღესაც კი ამ საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ეს საქმეები, რომლებიც არის ჩვენი კომპეტენცია ამ საქმეებზე გამოძიება ვერ სრულდება ვერც ერთ კვირაში და ვერც ორ კვირაში. ამას სჭირდება გარკვეული დრო. მე დავპირდი საზოგადოებას, როგორც კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მორჩება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, ჩვენ საბოლოო შედეგების შესახებ აუცილებლად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, - თქვა ლონდა თოლორაიამ.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11 პირის სასამართლო პროცესი დღეს, მცხეთის საქალაქო სასამართლოში გაიამრთა. მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი კი 31 ივლისსაა ჩანიშნული.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგიშაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს.
შაქარაშვილის საქმის ქრონოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ - რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში.