არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის" განცხადებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევაში საქართველოს რეიტინგის შესახებ არასწორი განმარტება გააკეთა. IBP-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გასულ კვირას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთება გამოხატა.
"ღრმად შეშფოთებული ვართ გასულ კვირას საქართველოში განვითარებული მოვლენებით, როცა მთავრობამ დაარბია ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომლებიც აპროტესტებდნენ კანონპროექტს, რომელიც შეზღუდავდა ქვეყნის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობას. მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა კანონპროექტზე ქართველი ხალხის საყოველთაო დაგმობის შემდეგ.
თუმცა, იმედგაცრუებული ვიყავით, როცა ვნახეთ, რომ კანონის გასამართლებლად საქართველოს პრემიერმინისტრმა არასწორად განმარტა ქვეყნის რეიტინგი ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევაში. გვინდა განვმარტოთ, რას ზომავს კვლევა და რას არა.
ღია ბიუჯეტის კვლევა ზომავს გამჭვირვალობას, ზედამხედველობას და საზოგადოების ოფიციალურ მონაწილეობას მთავრობის ბიუჯეტის პროცესებში. საქართველოს ქულა ნიშნავს, რომ მთავრობამ გამოაქვეყნა დროული და ამომწურავი ინფორმაცია საბიუჯეტო დოკუმენტებში.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბიუჯეტო პროცესის მიღმა, საქართველო საზოგადოებასთან სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიურია. დამოუკიდებელმა შეფასებებმა მაღალი დონის კორუფციის მზარდი შემაშფოთებელი ნიშნები გამოკვეთა.
[...]
ვერ შევეგუებით, რომ საქართველოს მთავრობამ ღია ბიუჯეტის კვლევის რეიტინგი გამოიყენოს დრაკონული კანონის გასამართლებლად, რაც დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას გამჭვირვალობის საბაბით ზღუდავს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, 12 მარტს ტელეკომპანია იმედის ეთერში ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით საქართველო პირველ ადგილზეა:
"ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ხელისუფლებად ითვლება მთელს მსოფლიოში და მოწინავე დემოკრატიებს შორის. თუნდაც იგივე რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მსოფლიოში", - თქვა მაშინ ღარიბაშვილმა.