
გურჯაანში, ბესიკის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ათამდე ოჯახს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა აქვს, რომლის მიხედვით, ქუჩაზე ცხოვრება საფრთხის შეცველია. ამის შესახებ მათ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრსაც აცნობეს, თუმცა, მოსახლეობის თქმით, პასუხი არ მიუღიათ.
38 მილიონიანი პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის ისევ მიტოვებულია. ადგილზე მხოლოდ გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთი გაიყვანეს, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების თქმით, უამრავი ხარვეზია.
აქციის მონაწილეებთან იმყოფებოდა ოპოზიციური პარტიის წევრი, ლევან ბეჟაშვილი, რომელიც შეუსრულებელ სამუშაოზე, გაფლანგულ თანხასა და ხელისუფლების მხრიდან დანაშაულებრივ გულგრილობაზე საუბრობს.
მისი თქმით, აქ საქმე გვაქვს დანაშაულებრივ გულგრილობასთან და დასაგები 25 კილომეტრიანი გზიდან მხოლოდ 5 კილომეტრია დაგებული და ეს დაგებული მონაკვეთი ფუჭდება.