სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი უცხოელმა ექიმმა მიიღოს მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში თბილისში - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
უწყება ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება დათანხმდა პოლონელი ექიმების მკურნალობის პროცესში ჩართვას:
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა. შეთავაზება გულისხმობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უშუალოდ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, მიიღოს მონაწილეობა მის მკურნალობაში თბილისში, კლინიკა „ვივამედში“, სადაც ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება." ნათქვამია ბრეგაძის სამინისტროს განცხადებაში.
პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართეს - ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ნებართვის ოფიციალური დოკუმენტი მას ჯერჯერობით არ უნახავს.