ქართულმა მხრემ პოლონელ ექიმებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო - ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურმა წყაროებმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს.
"ევროკავშირის ოფიციალური პირები: პოლონურ სამედიცინო ჯგუფს მიეცა სააკაშვილთან შესვლის უფლება. ჯერ უცნობია, როდის გაემგზავრებიან ისინი საქართველოში. და ეს არ ეხება ყოფილი პრეზიდენტის პოლონეთში ან სხვაგან გადაყვანას.",- ნათქვამია რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ელჩებმა ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ოფიციალური დემარში საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს 27 თებერვალს გადასცეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საშუალება მიეცეს, რომ პოლონეთში შესაბამისი სამედიცინო დახმარებისთვის გაემგზავროს.
3 მარტს პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ EU-ს დემარშის შედეგად, "ოცნება" დათანხმდა მიხეილ სააკაშვილი პოლონელმა ექიმებმა გასინჯონ, რაც მოგვიანებით მესამე პრეზიდენტის ადვოკატმაც დაადასტურა.
ამასთან, იუსტიციის სამინისტრო "საფუძველს მოკლებულს" უწოდებს განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი მედიკოსების დაშვება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა.
12 მარტს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ თქვა, რომ ქართული მხარისგან "ერთი კვირაა ყოვნდება პოლონელი ექიმების ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან".
ამასთან, 13 მარტს პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პოლონელი ექიმები მზად არიან საქართველოში, მიხეილ სააკაშვილთან ჩასასვლელად და ამისთვის ქართული მხარის დასტურს ელოდებიან. განცხადებას პოლონურმა მედიამ გაავრცელა.