12 წლის გოგო, რომელსაც რამდენიმე საათი ეძებდნენ, დიდ დიღომში გამთენიისას გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველებმა ტერიტორიაზე მუშაობა უკვე დაასრულეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა ნიმუშები აიღეს.
მომხდართან დაკავშირებით, სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ უცნობი კაცი 12 წლის გოგოს სკოლის შემდეგ აეკიდა და მთელი დღის განმავლობაში უკან დაჰყვებოდა. თუმცა ეს ვერსია ოფიციალურად დადასტურებული არ არის და "მთავარი არხის" ინფორმაციით, შსს-ს ამ მიმართულებით არ მუშაობს.
ოჯახის წევრების თქმით, დილით ტერიტორიაზე სამართალდამცველებთან ერთად გარდაცვლილი ბავშვის ბაბუაც იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ საღამოს 9 საათის შემდეგ მათ მოზარდთან დაკავშირება ვეღარ შეძლეს, რის შესახებაც პოლიციას შეატყობინეს.
არსებული ინფორმაციით, 12 წლის მოზარდი პარკში მეგობართან ერთად იმყოფებოდა, საიდანაც სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც არასრულწლოვანი გაუჩინარდა.
"დავიღუპეთ, გამოვიდა გუშინ საღამოს მეორე ნათესავთან ერთად, ისეირნეს. მოწამვლა ხომ არ იყო?! ჩვენ სულ სხვანაირად გვაგიჟებენ, რომ ვიღაცამ რაღაცა ბავშვი. ახლა იმაზე ვართ გადართული, რომ ვიღაცას სულში ვწვდეთ, აღარ აქვს ცხოვრებას აზრი",- ამბობს გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის ბაბუა.
დიდ დიღომში სამართალდამცველები და ადგილობრივები 12 წლის ბავშვს 4-5 საათის განმავლობაში ეძებდნენ და შემდეგ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. მათი ცნობით, ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები ცდილობდნენ მოზარდის გადარჩენას, მაგრამ უშედეგოდ.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 12 წლის გოგოს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა. თუმცა როგორც შემდეგ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა თქვეს, ბავშვს მხოლოდ ყელის არეში ჰქონდა მცირე დაზიანება, რაც სიკვდილის მიზეზი ვერ გახდებოდა. ექსპერტიზა უკვე დაინიშნა და სწორედ ამის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი, რა გახდა 12 წლის მოზარდის სიკვდილის მიზეზი.
შსს-მ გამოძიება მომხდარზე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია ჰყავს თუ არა უწყებას იდენტიფიცირებული სავარაუდო დამნაშავე.
ამავე თემაზე: