დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა საქართველო დატოვა. იქამდე კი, ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, ჯეიმს კლევერლი ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა და ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე.
"დიახ, ჩვენ განვიხილეთ მედიის თავისუფლება, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის თავდაჯერებული მთავრობის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება, ისევე როგორც ფუნქციონირებადი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი. საჭიროა, რომ გქონდეთ კონკურენტული პოლიტიკური გარემო, ასევე თავისუფალი და სამართლიანი და ღია საზოგადოება. ამ საქმეში მედიის თავისუფლება გადამწყვეტია. ჩვენ კონკრეტულ ადამიანებზე არ გვისაუბრია, მაგრამ ხაზი გავუსვი, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ისევე როგორც გამჭვირვალე სასამართლო პროცესები უმნიშვნელოვანესია. დიდ ბრიტანეთს სურს, რომ საქართველო იყოს ძლიერი დემოკრატია, რათა მოხდეს უფრო სწრაფი ინტეგრაცია ევროპულ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან." ამბობს კლევერლი, რომელმაც შეხვედრები გამართა პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ისაუბრა ბრიტანეთის მხარდაჭერაზე და რუსულ აგრესიაზე, რომლის შედეგები დღეს საოკუპაციო ხაზთან, თავადაც ნახა. ის ოძისთან ჩავიდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც საქართველოს თვითგამორკვევას მრავალი ათწლეულის განმავლობაში უჭერდა მხარს, ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს მხარი დავუჭიროთ იმ გზაზე, რომელსაც ნატოში და ევროპაში ინტეგრაცია ჰქვია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის გაკეთების საუკეთესო გზა არის დემონსტრირება, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს მთავრობამ. ვიცი, რომ იყო საუბარი საქართველოსთვის პირდაპირი სამხედრო საფრთხის შესახებ. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მთავრობის გეგმებზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით და საგარეო საქმეთა მინისტრმა მითხრა, რომ ამ კონფლიქტების მოგვარება საქართველოს მშვიდობიანი გზებით სურს. ჩვენ ამას სრულად ვეთანხმებით, იმიტომ რომ საქართველოში ახალი კონფლიქტის ხილვა ყველაზე ნაკლებად გვსურს. ჩვენ ასევე დავეხმარებით საქართველოს, რომ ამ ქვეყანაში იყოს მედიის უფრო მეტი თავისუფლება, უფრო მეტი დემოკრატია, იმიტომ რომ ეს არის საუკეთესო გზა საიმისოდ, რომ საქართველო უკეთ იქნას ინტეგრირებული ევროპასთან." აღნიშნა კლევერლიმ