"მთავარის" ინფორმაციით, ჩაჩიბაიას თავდაცვაში გადაიყვანენ, კოვზანაძე ეროვნული ბანკის საბჭოში - მანდატის დატოვებას 6 დეპუტატი აპირებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ის დეპუტატები, რომლებსაც, გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის დატოვება სურთ, უკვე ერთ კვირაზე მეტია საკანონმდებლო ორგანოში არ გამოჩენილან. დეპუტატები პარლამენტში დღესაც არ მისულან. 

"ქართული ოცნებიდან" მიდიან და მანდატზე უარს ამბობენ დავით სერგეენკო და ვლადიმერ ჩაჩიბაია. მათ მედიასთან ამ თემაზე უკვე ისაუბრეს. 

"მთავარის" ინფორმაციით, მანდატებზე უარს იტყვიან, ირაკლი კოვზანაძე, დავით სონღულაშვილი, ნინო იობაშვილი და ელგუჯა გოცირიძე. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეპუტატების ნაწილი დაითანხმა, რომ თუ მმართველ პარტიას დატოვებენ, მაშინ საპარლამენტო მანდატებზეც უარი თქვან, სანაცვლოდ მათ შეთავაზებები მიიღეს.

მაგალითად, ვლადიმერ ჩაჩიბაიას აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაიყვანენ და თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნავენ, ირაკლი კოვზანაძის გადაყვანა კი ეროვნული ბანკის საბჭოში იგეგმება.

"ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებებს არ უარყოფენ, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

"პარტია ცოცხალი ორგანიზმია. თუ ვინმე წასვლას აპირებს, ამას ჩვენ უახლოს დღეებში გავიგებთ. მოგეხსენებათ სასესიო კვირაა და ყველაფერი ნათელი გახდება, ასევე თუ ვინმე აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს, ესეც ძალიან ნორმალური პროცესია. თუმცა, დეპუტატები, რომლებიც წავლენ ან შემოვლენ პარლამენტში, ეს მათ პირადად უნდა გააკეთონ განცხადება, იმ მიზეზების შესახებ, რა მიზეზებზეც იცვლიან პოზიციას. გარკვეულ ინფორმაციას ვფლობ, ისევე, როგორც ჩემი გუნდის სხვა წევრები, თუმცა ამის შესახებ ცნობილი გახდება შესაბამისი უფლებამოსილი პირებისგან. რაც შეეხება, იძულებას, წამებას და სხვა მსგავს რაღაცებს, რომელიც მანდატის დატოვებისკენ არის მიმართული - ეს რა თქმა უნდა აბსურდია. - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, მაია ბითაძე.

შეგახსენებთ, რომ 8,9 და 10 მარტის მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" პირველი უმრავლესობის გასვლითი სხდომა 18 მარტს ბორჯომში გამართა. 

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მმართველი პარტიის წევრებმა "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე იმსჯელეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი