
რუსეთი აგრძელებს ფარულ სამობილიზაციო კამპანიას და ყოველ თვე 20,000 ადამიანის მობილიზებას ახდენს, - ამის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, ანდრეი იუსოვმა გააკეთა.
"ეს პროცესი გრძელდება. ფარული მობილიზაციის ფარგლებში რაშისტები ახერხებენ ყოველთვიურად 20,000-მდე ადამიანის მობილიზებას. გარდა ამისა, მიმდინარეობს ახალი სამობილიზაციო ღონისძიებების ჩატარებაც", - განაცხადა ანდრეი იუსოვმა.
მისივე თქმით, ადამიანების მობილიზება საკმარისი არ არის, მათ კარგი წვრთნა და შესაბამისი აღჭურვილობაც სჭირდებათ.
"[რუსეთის] ჯარებთან დაკავშირებით: ფაქტი, რომ რუსეთში ჯერ კიდევ მიმდინარეობს ფარული მობილიზება და გრძელდება მობილიზაციის შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა, გვაჩვენებს, რომ მათი მობილიზაციის ძალისხმევა არასაკმარისია. ჯარი არც ეფექტურია, არც კარგად გაწვრთნილი და არც აღჭურვილი. [რუსების] მნიშვნელოვანი სამხედრო დანაკარგები ამის დასტურია", - ამბობს იუსოვი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია პუტინმა 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა, რომელიც, სერგეი შოიგუს განცხადებით, 28 ოქტომბერს დასრულდა. თუმცა, 2023 წლის 23 იანვარს კრემლის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანება ჯერ კიდევ ძალაში იყო.