საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, POSTV-ის 52%-იან წილის მფლობელი, ვიქტორ ჯაფარიძე, რომელმაც დღეს დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა ამბობს, რომ ვინც მოღალატეს დაუძახებს, ყველა "მიიღებს საკადრის პასუხს". მისივე თქმით, არ აპირებს ნაკაიძეს ბოდიში მოუხადოს და ფიქრობს, რომ ყველამ "პირი უნდა გამოირეცხოს როცა მოღალატეზე საუბრობენ".
"ვინც მოღალატეს დამიძახებს, მიიღებს საკადრის პასუხს ყველა. თქვენ ნუ მასწავლით მე როგორ უნდა მოვიქცე. თუ რაიმე პრეტენზია აქვს მიმართოს სასამართლოს. არ არის მისაღები, როდესაც ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებ. ეგ არ არის შეურაცხყოფა როდესაც... [...] თქვენი ინფორმაცია არის ყოველთვის ტყუილი, თქვენ ყოველთვის ლაპარაკობთ ტყუილს, არასდროს სიმართლეს არ ლაპარაკობთ. [ბოდიშის მოხდას არ აპირებთ?] ვისთვის? რას ლაპარაკობ, არა, არა, ბოდიში თვითონ მოიხადოს თავისი სიტყვებისთვის და პირი გამოირეცხოს ყველამ როცა მოღალატეზე საუბრობენ", - თქვა ჯაფარიძემ.
მან "მთავარი არხის" კითხვას, რატომ დაიწყო დაპირისპირება არ უპასუხა და თქვა, რომ "მეტი საქმე არ აქვს" დადგეს და ამ თემაზე ილაპარაკოს.
ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ კადრებში ისმის როგორ ეძახიან "ხალხის ძალის" წევრები ოპოზიციონერებს ჯაშუშებს და აგენტებს.
დღეს პარლამენტში სხდომათა დარბაზში დაპირისპირება იყო. "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. სიტყვიერი დაპირისპირება იყო უმრავლესობისა და ოპოზიციის სხვა დეპუტატებს შორისაც. ვიქტორ ჯაფარიძის გარდა, ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ლევან მგალობლიშვილმაც ესროლა.
ცნობისთვის, ვიქტორ ჯაფარიძე ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილი"ხალხის ძალის“ წევრია, რომელიც POSTV-ის 52%-იან წილს ფლობს.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი.