
"გამიზნულია, რომ სააკაშვილი ან ციხეში გადაიყვანონ, ან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, რაც სააკაშვილისთვის იქნება სასიკვდილო განაჩენის გამოტანა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრობს და "ვივა მედის" განცხადებას ეხმაურება.
„ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში, თავს ვიკავებდით რამე განცხადების გაკეთებისგან. დღეს, კლინიკა „ვივამედმა“ გაავრცელა განცხადება. დასკვნის გამოტანა ძალიან მარტივია - მიხეილ სააკაშვილის მიმართ კიდევ ერთი პროვოკაციაა დაგეგმილი. არ მგონია, რომ საზღვარგარეთ გადაყვანაზე იყოს საუბარი. ამის შესახებ მე და სააკაშვილის ოჯახის წევრებს გვეცოდინებოდა. ეცოდინებოდა, თავად სააკაშვილს. ახლახან ვესაუბრე ქალბატონ გიულის და მისთვის მსგავსი ინფორმაცია ცნობილი არ არის. პირიქით, გამიზნულია, რომ სააკაშვილი ან ციხეში გადაიყვანონ, ან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, რაც სააკაშვილისთვის იქნება სასიკვდილო განაჩენის გამოტანა“,- თქვა ხაჭაპურიძემ.
მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში დღეს საღამოს გადაიყვანონ.
„ჩვენ, ბოლო ერთი თვე, გარკვეული საკითხების გამო ჩუმად ვიყავით, მაგრამ, ხვალიდან მოგვიწევს სხვანაირ რეჟიმში გადართვა და მუშაობა. ჩვენ გვაქვს ბერკეტები, მე არ მინდა წინასწარ ამის შესახებ განცხადება გავაკეთო და მოწინააღმდეგე მხარე ამას მომზადებული შეხვდეს. ხვალიდან ამ ბერკეტებს ავამოქმედებთ.
საფრთხეები რეალურია, შეიძლება დღეს საღამოსაც მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. ორი ვარიანტია: რუსეთიდან მიიღეს დავალება, რომ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს საპყრობილეში ან „ვივამედს“ უნდა ხელების დაბანა და სააკაშვილის მოშორება. დილიდან ჩვენ მივმართავთ სხვა ეფექტურ მექანიზმს“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
იხილეთ ასევე: