მორაგბე არჩილ გაგნიძე გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს - შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე გამოძიებას ჩვენების მიცემაზე უარს ეუბნება - გაგნიძე საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა მან სამართალდამცავებს თავად შესთავაზა, თუმცა შეთავაზებაზე უარი მიიღო. გაზრახ მკვლელობის ბრალდება ჯერ არც ერთ დაკავებულს წარდგენია, თუმცა გუშინ, 27 ივლისს 17-დან 11 დაკავებული მცხეთის სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქმეში ჩნდება ახალი ჩვენებები, რომლებიც ადვოკატებს უკვე გადაეცათ. 

საქმის პროკურორის გუშინ, 27 ივლისს სასამართლოს სხდომის შემდეგ გაკეთებული კომენტარის თანახმად, არ არის გამორიცხული, დაკავებულ პირებს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლით უახლოეს მომავალში წაუყენონ. 

ახალი ჩვენებები მოთავსებულია საქმის 22-ე ტომში, სწორედ ამ ტომიდან ირკვევა, რომ არჩილ გაგნიძე ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს. გაგნიძის თქმით, ის უკანონო პატიმარია და ჩვენების მიცემის დროს დუმილის უფლებას იყენებს. იგი ამბობს, რომ გამოძიება არ არის ფაქტობრივი ჭეშმარიტების დადგენით დაინტერესებული და ასევე, გამოძიება არ დაინტერესებულა 20 ივნისის გამოკითხვის ოქმით. 

ვახტანგ ახვლედიანის მესამე ჩვენებაში კი ახვლედიანი ასახელებს კონკრეტულ გვარებს, ვინ აედევნა მას და ვინ იმყოფებოდა კონკრეტულ ეპიზოდში კონკრეტულ ლოკაციაზე. ის ორ გვარს - არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს ასახელებს და მათი მხრიდან შაქარაშვილის გამოდევნების ფაქტს გამორიცხავს. იგი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ის სამი პირი, ვინც მას და შაქარაშვილს მოსდევნდნენ, გაგნიძესა და რევაზიშვილთან შედარებით ბევრად თხელი აღნაგობის მამაკაცები იყვნენ. ახვლედიანის თქმით, ამ ორი პირის ამოცნობაში მას მედიასა და სოციალურ ქსელში არსებული ინფორმაცია დაეხმარა. ახვლედიანი ამბობს, რომ მის ჩვენებებს შორის განსხვავება მისივე ემოციური მდგომარეობით არის განპირობებული.      

უფლებადამცველები ახვლედიანის ამ ჩვენებას არ ენდობიან, რადგან მათი თქმით, ჩვენებების ასე შეცვლა მიუღებელია.

არჩილ გაგნიძის ადვოკატები სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც აპირებენ. 

გუშინ, 27 ივლისს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11 სრულწლოვნის პირველი სასამართლო გაიმართა, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ. მოსამართლე მაია ოშხარელმა 11-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ამ სხდომაზე 11-დან 8 დაკავებულმა წარდგენილი ბრალდება უარყო. ორმა საბურთალოელმა, საბა ჩხარტიშვილმა და საბა გოგშელიძემ კი დუმილის უფლებით ისარგებლეს, ხოლო ბრალი ნაწილობრივ აღიარა ირაკლი წაქაძემ.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი კი 31 ივლისს გაიმართება.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი