გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში ბერბოკი ცალსახად და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ამავდროულად ის ხედავს საქართველოს პროევროპული კურსიდან ჩამოშორების მცდელობებს.
"მინდა იქ განვმარტო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს“, - ამბობს ბერბოკი. განცხადებას გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს.
შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში, დღეს ჩამოდის. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.
გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
დაგეგმილია ანალენა ბერბოკის ჩასვლა საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი.