"რუსულმა ტყვიამ ვერ შეგვაშინა და არც მათი დამპალი სასამართლოს შიში არ მექნება" - ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ლაშა რუხაია, რომელიც ერთ-ერთია ვისაც მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა. ის არ გამორიცხავს, რომ "ქართული ლეგიონის" წევრებს, რომლებსაც ოკუპანტი ქვეყნის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა საქართველოს ხელისუფლებამ პროვოკაცია მოუწყოს.
"არ არის გამორიცხული ამ ხალხზე, ვისზეც რუსეთმა სასჯელი გამოუტანა ამ პრორუსმა ხელისუფლებამ ჩვენმა, რამე პროვოკაცია მოგვიწყოს. ამის გამო ვისჯები [აჩვენებს მედალს] ეს არის უკრაინაში რომ დამაჯილდოვეს და მე ამაყი ვარ ამით. ორ ომს გადავურჩი, რუსულმა ტყვიამ ვერ შეგვაშინა და არც მათი დამპალი სასამართლოს შიში არ მექნება, თავაწეული ვივლი ყოველთვის", - თქვა ლაშა რუხაიამ.
"ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ ახლა ამწვავებენ სიტუაციას მათთან დაკავშირებით, რადგან ლეგიონი ძალიან მასშტაბური გახდა და რუსეთის სპეცსამსახურების დიდ ყურადღებას იქცევს. მამულაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ რუსეთში 8 საქმეა აღძრული.
"ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაც დაგვიჭერს, ზედმეტია, ადამიანები არიან აქ ჩამოსული საომრად, თავი აქვთ გადადებული, თუმცა არის საშიშროება, კიბატონო, არცერთ მებრძოლს არ უნდა ტყვედ ჩააბაროს საკუთარმა მთავრობამ რუსეთს", - ამბობს ის.
მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა "ქართული ლეგიონის" წევრებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვიან. დაკავების ორდერი ლეგიონის ოთხი წევრზე გასცეს.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი.