მოსკოვის სასამართლომ „ქართული ლეგიონის“ წევრებს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა ქართული ეროვნული ლეგიონის წევრებს, რომლებიც  უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვიან - ინფორმაციას ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ავრცელებს. 

მოსკოვის სასამართლო ბარათების ჩანაწერებზე დაყრდნობით გამოცემა "მედიაზონა" კი წერს, რომ დაკავების ორდერი ლეგიონის ოთხი წევრზე გასცეს. 

გამოცემის ცნობით, რუსეთი მათ დაქირავებულობაში ადანაშაულებს (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილი). დაუსწრებლად დაკავების საქმის მოსმენა 3 მარტს გაიმართა, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია სასამართლოების საქმეში მხოლოდ 22 მარტს გამოჩნდა. 

განმარტება: რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს პასუხისმგებლობას თავად დაქირავებულის მონაწილეობაზე შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებებში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე მდგომარეობს დაქირავებულის პირად უშუალო მონაწილეობაში შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებებში. დანაშაულის საგანია ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელმაც მიაღწია თექვსმეტ წელს. სანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლის ვადით ზოგადი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში 100 000 რუბლის ოდენობით ჯარიმით.

ცნობისთვის,რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა „ქართული ლეგიონის“ 24 წევრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2022 წლის აპრილში აღძრა. 

აღსანიშნავია, რომ "რადიო თავისუფლებასთან" სატელეფონო საუბარში "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას „ქართული ლეგიონის“ წარმომადგენლებისთვის მორალურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა აღნიშნავს, რომ მოსკოვის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას.

„ეს არის ის რიტორიკა, რომლითაც გველაპარაკება საქართველოს ხელისუფლება - დაქირავებულები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ეს მესმის წლებია. ასე რომ, არ გამკვირვებია, რომ რუსეთის სასამართლოც ამას ლაპარაკობს. მე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია უფრო მაინტერესებს. ისეთი შეგრძნებაა, რომ შეთანხმებულად მოქმედებენ და რიტორიკაც ერთნაირია“, - ამბობს მამუკა მამულაშვილი.

მამულაშვილის თქმით, ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან, ისინი დროდადრო ჩადიან საქართველოში ოჯახების სანახავად და „შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ მოუწყოს ნებისმიერი პროვოკაცია“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი