"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მაიკ პომპეოს საუბარი პრემიერ, გიორგი გახარიასთან გამაფრთხილებელი ნიშანი იყო.
სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაქტობრივად, გამაფრთხილებელი საუბარი ჩაატარა ქვეყნის პერმიერმინისტრთან, რაც შეეხება ქვეყანაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევენებს და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას. სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო უკვე იმ ანგარიშის მომზადება, რომელიც მისგან კონგრესმა მოითხოვა, როცა ფინანსური სანქცია დააწესა საქართველოსთვის განკუთვნილ დახმარებაზე. დღეს სახელმწიფო დეპარტამენტმა საჭიროდ ჩათვალა ქართული ოცნება და საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა გაეფრთხილებინა იმ შედეგებზე, რაც მოყვება არჩევენების გაყალბებას, - თქვა სალომე სამადაშვილმა.
მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა. მთავრობის განცხადებით, მხარეებმა გლობალური პანდემიის საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დინამიკა განიხილეს. გიორგი გახარიამ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მისთვის მოსახერხებელ დროს სიამოვნებით უმასპინძლებს.
პრემიერმა და აშშ სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
სატელეფონო საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდას საქართველოს პარლამენტში და ხელს შეუწყობს პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესში, - წერია მთავრობის განცხადებაში.
ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაც გააკეთა, რომელიც თვლის, რომ საუბარი "კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა", რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მრავალმხრივი ურთიერთობა და პარტნიორობა გვაკავშირებს და ეს პარტნიორობა ყოველდღიურად ღრმავდება.