პომპეომ, როგორც ჩანს, პირდაპირ უთხრა ხელისუფლებას, რომ დემოკრატიულ არჩევნებს ელოდება - კაპანაძე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" დეპუტატის, სერგი კაპანაძის თქმით, ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და პრემიერმინისტს, გიორგი გახარიას საუბარში მთავარი თემა არჩევნები იყო. 

სახელმწიფო მდივანმა, როგორც ჩანს, პირდაპირ უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ელოდება საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე. ეს არის ძალიან კარგი გზავნილი მთელი ქართული საზოგადოებისთვის, საქართველოს ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ აშშ არ მოითმენს იმას, რომ საქართველოში ჩატარდეს ან გაყალბებული არჩევნები, ან იყოს ძალადობა ან სხვა ისეთი პრობლემები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ წინა არჩევნების დროს, - თქვა სერგი კაპანაძემ.

დეპუტატის თქმით, აშშ დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესებში ყველაზე დიდი მნიშვნელობას სწორედ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ანიჭებს.

მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა. მთავრობის განცხადებით, მხარეებმა გლობალური პანდემიის საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დინამიკა განიხილეს. გიორგი გახარიამ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მისთვის მოსახერხებელ დროს სიამოვნებით უმასპინძლებს.

პრემიერმა და აშშ სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

სატელეფონო საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდას საქართველოს პარლამენტში და ხელს შეუწყობს პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესში - წერია მთავრობის განცხადებაში.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაც გააკეთა, რომელიც მიიჩნევს, რომ საუბარი "კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა", რომ ჩვენს სტარტეგიულ პარტნიორთან მრავალმხრივი ურთიერთობა და პარტნიორობა გვაკავშირებს და ეს პარტნიორობა ყოველდღიურად ღრმავდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი