
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის მიუხედავად, რომელიც გაცემულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, უნგრეთი მას ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში არ დააპატიმრებს, რადგან "ამისთვის არ იქნება სამართლებრივი საფუძველი", - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გერგეი გუიაშმა განაცხადა.
"ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ უნგრეთის კანონს და ამის საფუძველზე ჩვენ ვერ დავაპატიმრებთ რუსეთის პრეზიდენტს... რადგან ICC-ის დებულება უნგრეთში არ არის გამოცხადებული" - თქვა გუიაშმა.
მისი მკიცებით საქმე ისაა, რომ უნგრეთმა ოფიციალურად მოაწერა ხელი და მოახდინა რომის სტატუტის რატიფიცირება, მაგრამ არ შეუცვლია კანონმდებლობა მის განსახორციელებლად.
კითხვაზე, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს უნგრეთში ჩასვლის შემთხვევაში, მან თქვა, რომ რომის სტატუტი არ არის ინტეგრირებული უნგრეთის სამართლებრივ სისტემაში და ფაქტობრივად, საუბარია იმაზე, რომ უნგრეთმა მხოლოდ ფორმალურად დაამტკიცა რომის სტატუტი, მაგრამ მის განსახორციელებლად კანონმდებლობა არ შეცვალა.
"ეს გადაწყვეტილებები არ არის საუკეთესო, რადგან ისინი იწვევს შემდგომ ესკალაციას და არა მშვიდობას, ეს ჩემი პირადი სუბიექტური აზრია", - თქვა მან.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პუტინს ბრალად ედება 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაცია. ორდერი გაიცა რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.
მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს, გაცემულ ორდერს გმობს და აცხადებს, რომ ქვეყანა ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს.