
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი "POS TV-ის" მიერ 112-ში განხორციელებული ზარის შემდეგ მის საცხოვრებელ სახლში პოლიციის მიერ ჩატარებულ ჩხრეკაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
ჩიქოვანი ამბობს, რომ ეს იყო დავალება "ქართული ოცნებისგან", რომელიც შეასრულა ნათია ბერიძემ. მისი თქმით, სანამ მის სახლთან სამართალდამცველების ეკიპაჟები გამოჩნდებოდა, "პოს ტვ-ის" ჟურნალისტი მის საცხოვრებელ კორპუსში ბერიძე უკვე მისული იყო და მეზობლებს ახალგაზრდა ქალის სავარაუდო გატაცებაზე კითხვებს უსვამდა.
ჩიქოვანი ამბობს, რომ "პოს ტვ-ის" წარმომადგენელი მის საცხოვრებელ სახლში შესვლასაც შეეცადა. რის შემდეგაც ბერიძემ პოლიციაში დარეკა.
"POS TV-ის" ჟურნალისტის ცრუ დასმენაზე, რომელიც ალბათ შალვა რამიშვილმა, რომელიც ძალადობაში მრავალჯერ მხილებული ადამიანია, საკუთარი თავის "გასათეთრებლად" თუ რა მიზნით არ ვიცი, დაგეგმეს ეს პროვოკაცია. გამოიყენეს მათ ხელში არსებული ყველა რესურსი და ჩარიეს სახელმწიფო ინსტიტუტები ამ პროვოკაციაში. უბრალოდ იყო ცრუ დასმენა და შემდეგ გაირკვა, რომ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ პროვოკაცია იყო. ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ პროპაგანდისტი შალვა რამიშვილის ნათქვამზე, ეს სახელმწიფო ინსტიტუტები ასე მოქმედებენ ადამიანების წინააღმდეგ. სამართალდამცველებამდე 2 საათით ადრე იყო მოსული ნათია ბერიძე, ცდილობდა ტყუილებით, რომ კარი გაგვეღო, მეზობლებიც შეაწუხა. საშინლად პროვოკატორობდა. ცრუ დასმენა განახორციელა პოლიციაში, ცილი დამწამა საკმაოდ მძიმე, გატაცების მულით და ამის შემდეგ ესე ჩაერთნენ სამართალდამცველები. დიდუბე-ჩუღურეთის პოლიცია, სუსი, კრიმპოლი, ყველა იქ იყო. ეს იყო ცილისწამება, ცრუ დასმენა და მთელი პროვოკაცია აგებული იყო ამაზე. ჩემი და ჩემი ადვოკატების მხრიდან რეაგირება იქნება",- ამბობს დიმიტრი ჩიქოვანი.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ საქმე აღძრა ორი მუხლით: ძალადობა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, თუმცა ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. ამავდროულად სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "პოს ტვ-ის" ჟურნალისტისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის საქმე აღძრა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
ამავე თემაზე: