ეს არჩევნები იქნება წყალგამყოფი ქვეყნის განვითარებისთვის - არასამთავრობოები პომპეოს ზარზე

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გზავნილებს არასამთავრობო ორგანიზაციები 2020 წლის არჩევნებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ ეს ეტაპი ქვეყნისთვის გადამწყვეტი იქნება. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, სულხან სალაძის თქმით, მაიკ პომპეოს Twitter-ის პოსტიდან ნათლად ჩანდა, რა იყო საუბრის მთავარი აქცენტი.

საეთაშორისო პარტნიორები ამ არჩევნებს არ უყურებენ, როგორც რიგით, მორიგ არჩევნებს, ეს არჩევნები არის წყალგამყოფი რეალურად, განვითარების რა გზას ირჩევს ქვეყანა და ბუნებრივია, ამ გზის არჩევაში მნიშვნელოვანი როლი შეუძლია შეასრულოს მმართველმა პარტიამ, - თქვა სულხან სალაძემ.

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე აღნიშნავს, რომ ამერიკის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ არ შემცირებულა.

ეს ინტერესი არ შემცირებულა მათი მხრიდან და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, ის, რომ ქვეყანა განვითარდეს დემოკრატიულად და აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს და სტანდარტებს, რასაც დემოკრატიული ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, - ამბობს ნიჟარაძე.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი გიორგი რუხაძე აღნიშნავს, რომ არჩევნების გარდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სასამართლო სისტემას და მის გამოყენებასაც დააკვირდება.

მაიკ პომპეომ რეალურად უკვე დაიწყო საქართველოს შემოწმება ისე, როგორც ამას ითხოვს ამერიკის კონგრესი, მიანიშნა პრიორიტეტები საქართველოს პრემიერმინისტრს და თქვა გასაგებად, რომ დააკვირდება ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ახლოდან, თუ როგორ ჩაივლის არჩევნები, რამდენად იქნება ის სამართლიანი და თავისუფალი, - თქვა რუხაძემ.

მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა. მთავრობის განცხადებით, მხარეებმა გლობალური პანდემიის საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დინამიკა განიხილეს. გიორგი გახარიამ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მისთვის მოსახერხებელ დროს სიამოვნებით უმასპინძლებს.

პრემიერმა და აშშ სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

სატელეფონო საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდას საქართველოს პარლამენტში და ხელს შეუწყობს პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესში, - წერია მთავრობის განცხადებაში.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაც გააკეთა, რომელიც მიიჩნევს, რომ საუბარი "კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა", რომ ჩვენს სტარტეგიულ პარტნიორთან მრავალმხრივი ურთიერთობა და პარტნიორობა გვაკავშირებს და ეს პარტნიორობა ყოველდღიურად ღრმავდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი