
უკრაინელი ბავშვების გატაცებაში პუტინის პარტია "ერთიანი რუსეთის" წევრი, დეპუტატი იგორ კასტიუკევიჩიც მონაწილეობდა - ინფორმაციას უკრაინული ტელეგრამ არხები CNN-ის რეპორტაჟზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მედიის ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში, დროებით ოკუპურებული ხერსონის ბავშვთა სახლიდან ოკუპირებულ ყირიმში აგრესორებმა 48 ბავშვი გადაიყვანეს, მათ შორის იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.
უკრაინის ცნობით, პუტინის პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს დეპუტატი კასტიუკევიჩი. კადრებში ჩანს, საოკუპაციო „Z“ სიმბოლოიან ქურთუკებში ჩაცმული პირები, ამავე სიმბოლოიან ავტობუსში როგორ სვამენ მცირეწლოვნებს.
როგორც ირკვევა, ოკუპანტებმა ბავშვების ნაწილი ოკუპირებული სიმფეროპოლის ბავშვთა სახლში დატოვეს, ნაწილის ბედი კი უცნობია.
შეგახსენებთ, სწორედ ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის,ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ორდერი გაიცა რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.