ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მომდევნო კვირაში გამართავენ პრეზენტაციას რა გეგმა აქვთ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით და შეხვდებიან იქ დასაქმებულ ექიმებსაც. მისი თქმით, დასაქმებულებს ყველა დეტალს გააცნობენ და დასამალი არაფერი აქვთ.
ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ სამედიცინო პერსონალის სამსახურისა და ანაზღაურების კუთხით პრობლემა არ შეექმნება.
"სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით, შემიძლია მეც დაგიდასტუროთ, ისევე როგორც პრემიერმა, არცერთ სამედიცინო პერსონალი არ დარჩება სამსახურის გარეშე... მაგ ბრძანებასაც გეტყვით რა ბრძანებაა, ეს არ ეხება სამედიცინო პერსონალს, ეს ეხება ადმინისტრაციის პერსონალს და ეს ადმინისტრაცია და სამედიცინო პერსონალი, კარგი იქნება თუ ერთმანეთისგან გავარჩევთ. ანუ, რეორგანიზაციაც, მინდა რომ იცოდეთ და კარგად გაერკვეთ, რეორგანიზაცია ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას. იმ წერილს თუ კარგად წაიკითხავთ, იქ დეტალურად არის განმარტებული, ის არ ნიშნავს ადამიანების ესე, მასობრივად სამსახურიდან გათავისუფლებას. ხოლო, რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, არცერთ ექიმს, ექთანს თუ სანიტარს არანაირი პრობლემა, დასაქმების კუთხით და შესაბამისი ანაზღაურების კუთხით, რასაც ისინი დღეს იღებენ, არ შეექმნებათ.
მე უფრო მეტად დეტალურ ინფორმაციას მომდევნო კვირაში მოგაწვდით, ადგილზე მექნება პრეზენტაცია და იქ გეტყვით. შევხვდებით გითხარით, მომდევნო კვირას იქნება დეტალური პრეზენტაცია, სადაც ყველა დეტალს გავაცნობთ, არაფერი ჩვენ დასამალი არ გვაქვს. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან კარგ საქმეს და აქ არაფერი დასამალი არაფერი არ არის, ყველა დეტალს და ინფორმაციას მომდევნო კვირაში მივაწვდით", - ამბობს აზარაშვილი.
ცნობისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმები ამ წუთებშიც აქციას მართავენ. ისინი დღეს დილიდან შეიკრიბნენ და მოითხოვეს პრემიერთან შეხვედრა, რათა მიიღონ პასუხები კითხვებზე რა ბედი ელით დემონტაჟის შემთხვევაში. ექიმები ამბობენ, რომ რესპუბლიკური სააავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა უნდა დატოვოს. მათთან კლინიკის ხელმძღვანელობა ამ დრომდე არ მისულა. იხილეთ: