აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს პრემიერმინისტრია სატელეფონო საუბრის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. დიპლომატი მაიკლ პომპეოს მსგავსად, ხაზს უსვამს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობას და ამბობს, რომ ამ მიმართულებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება:
"საქართველოსთან მიმართებით ყურადღება და ინტერესი საკმაოდ დიდია განსაკუთრებით კი ოქტომბრის არჩევნების მიმართ. ეს არის კარგი შანსი, რათა ქვეყანამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს საკუთარი ერთგულება დემოკრატიული პროცესებისადმი" ამბობს კელი დეგნანი და იმედს გამოთქვამს, რომ არ იქნება ამომრჩევლის დაშინება და მოსყიდვა.
ოპოზიცია ამბობს, რომ გახარია-პომპეოს სატელეფონო საუბრის მთავარი შინაარსი სწორედ არჩევნბები 2020 იყო. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ვაშინგტონიდან მიიღო მორიგი გზავნილი, რომ არ დაუშვებენ არჩევნების მიტაცებას.
პომპეო-გახარიას სატელეფონო საუბარი გუშინ, 27 ივლისს შედგა. საქართველოს მთავრობის განცხადებაში აქცენტი საუბრის იმ ნაწილზე იყო გაკეთებული, რომელიც მსოფლიო პანდემიას და საქართველოში მის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას უკავშირდებოდა. მოგვიანებით კი თავად პომპეომ Twitter -ზე დაწერა, რომ გიორგი გახარიას თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა.