ჯვრის მონასტერს შეიძლება შეუქცევადი დაზიანება მიადგეს, ამ ფონზე კი კულტურის სამინისტრო მონასტრის რეაბილიტაციის სამუშაოებს აჭიანურებს, - ამის შესახებ საგამოძიებო მედია პლატფორმა, Ifact წერს.
როგორც გამოცემა განმარტავს, მონასტრის რეაბილიტაციისა და კონსერვაციის პროექტი უკვე მზადაა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაც არის მოწონებული, თუმცა პროცესი ჭიანურდება კულტურის სამინისტროსა და პირადად თეა წულუკიანის დაუდევრობით. რეაბილიტაციის გაჭიანურებაზე Ifact-თან პროექტის ხელმძღვანელი, დავით ხოშტარია საუბრობს.
როგორც ის ამბობს, საერთაშორისო მოწონებასთან ერთად, მოპოვებულია რეაბილიტაციისთვის საჭირო დაფინანსებაც, პროექტს რეკომენდაციას უწევს საპატრიარქოც, თუმცა მისი დაწყება მაინც არ ხდება.
დადებითი დასკვნა გამოსცა იუნესკომაც, რომელმაც პროექტის მონაწილეებს მოუწოდა, სასწრაფოდ დაიწყონ მისი განხორციელება, პრობლემის სიმძიმიდან გამომდინარე.
ხოშტარია ვარაუდობს, რომ პროექტზე ნებართვის გაცემა იმიტომ ჭიანურდება, რომ კულტურის სამინისტროში მმართველობა და პროცედურები ახალი შეცვლილი იყო. მაშინ, როდესაც პროექტზე იუნესკოს დადებითი შეფასება ჩამოვიდა, თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად შვიდი თვის დანიშნული იყო.
ხოშტარია განმარტავს, რომ ამ დროს პროექტებზე ნებართვის გაცემა ძეგლთა დაცვის სააგენტოს მაგივრად სამინისტროს ხელში გადავიდა. სამინისტრო კი საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ ჩუბინაშვილის ცენტრს წელიწადნახევარია ნებართვას არ აძლევს. ამის მთავარი მიზეზად ხოშტარია, იმას ასახელებს ჩუბინაშვილის ცენტრი და სამინისტრო ვერ თანხმდებიან.
მისივე თქმით, ამ დროის განმავლობაში პროექტის განხორციელების პირობები კულტურის სამინისტროს მხრიდან რამდენჯერმე შეიცვალა.
მაგალითად, კულტურის სამინისტროს უნდოდა, რომ მენეჯმენტს დამატებოდა 3 ახალი თანამდებობა, პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე რესტავრატორ-კონსერვატორი, ერთი ფინანსისტი და ერთი იურისტი რომლებიც საკონსერვაციო ჯგუფის საქმიანობას გააკონტროლებდნენ. თუმცა, ჩუბინაშვილის ცენტრი ამას არ დათანხმდა.
როგორც პროექტის ხელმძღვანელი განმარტავს, ამ ადამიანების ჩამატებით სამინისტრო მთლიანი პროექტის გაკონტროლებას ცდილობდა.
"რაღაც ირაციონალური სურვილია, რომ აკონტროლო. ამ სამ ადამიანს, რომლებიც "უნდა ჩამჯდარიყვნენ", პირდაპირ ეწერათ, რომ ისინი აკონტროლებდნენ, რომ პროექტი განხორციელდეს სამინისტროს პრიორიტეტების შესაბამისად. ასეთი რამე არ არსებობს. სამინისტროს პრიორიტეტები კულტურის სფეროში ეს არის სახელმწიფოს პრიორიტეტები. სამინისტროს არ შეიძლება ცალკე პრიორიტეტი ჰქონდეს", - ამბობს ხოშტარია Ifact-თან საუბრისას.
ვიდრე სამინისტრო დუმს, ჯვრის მონასტრის არამარტო ფასადი, არამედ შიდა ინტერიერიც ზიანდება. ტაძარში ჩადის წყალი, ჩამოვარდა ქვაც.
რეპორტაჟი ამ თემაზე "მთავარმა არხმაც" მოამზადა