ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს დაუპირისპირდა.
ის, რითიც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველაზე მეტად ამაყობს, თენგიზ ცერცვაძემ ერთი განცხადებით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
პრეტენზიების ადრესატი სახელისუფლებო გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით სერგეენკოა.
ცერცვაძე სისტემაში უმწვავეს პრობლემებსა და ხარვეზებზე საუბრობს და სწორედ სერგეენკოსგან ელოდება პასუხს - რა გააკეთა 8 წლის განმავლობაში, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. მთავარმა ინფექციონისტმა კოლეგაზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც თავად იმყოფებოდა მიწვეულ სტუმრებს შორის, სადაც "ოცნებამ" ყოფილი მინისტრი მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.
ცერცვაძე ღიად დაუპირისპირდა "ქართული ოცნების" ფავორიტს - ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ცენტრში არსებულ გაუსაძლის პირობებზე სერგეენკოს წინა წლებშიც ესაუბრებოდა, თუმცა ახლა როცა კოვიდ-19-თან საბრძოლველად მთავარი ეპიცენტრი ინფექციური კლინიკაა, იქ მუშაობა გაუსაძლისი გახდა და საჯარო პოსტის გამოქვეყნებაც ამიტომ გადაწყვიტა.
თენგიზ ცერცვაძე "ქართული ოცნების" მაჟორიტარების წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდა, კოლეგებთან ერთად პრეზენტაციაზე მისვლით მმართველ გუნდს მხარდაჭერაც დაუდასტურა და მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებსაც ტაში დაუკრა, მათ შორის თავად დავით სერგეენკოს, რომელიც "ოცნებამ" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. რა შეიცვალა 1 კვირის შემდეგ?
თავად სერგეენკოს ცერცვაძის ბრალდებებისთვის არ უპასუხია. ბრალდებებზე პასუხი არ აქვთ არც დანარჩენ "მუშკეტერებს".
ოპოზიციაში სერგეენკოს მინისტრობის პერიოდს იხსენებენ და ამბობენ, რომ მისი დამსახურებით, ქვეყანაში ჯანდაცვის სფერო ისე ჩამოიშალა, რომ მმართველი გუნდის მიერ მინისტრის შეცვლამაც ვერ უშველა.
ჯანდაცვის სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ სერგეენკოს მინისტრობის დროს დაწყებული პროექტები - ც-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი, მისი არასწორი მენეჯმენტის გამო ჩავარდა.
დაპირება გაცემულია, თუმცა როდის ექნება ინფექციურ საავადმყოფოს ახალი შენობა, ამაზე ჯანდაცვის უწყებაში ჯერჯერობით გადაჭრით არ საუბრობენ.