
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით 11 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებაზე ადვოკატები, სავარაუდოდ, დღეს, 29 ივლისს გაასაჩივრებენ. თუმცა მათი თქმით, პროცესს ფორმალური ხასიათი იქნება.
გუშინ, 28 ივლისს კი გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად მკვლელობის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო. თუმცა 11 სრულწლოვანი დაკავებულიდან ამ მუხლით ჯერ ბრალი არც ერთს აქვს წარდგენილი.
წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს არის ჩანიშნული. დაკავებულების ადვოკატების მტკიცებით, ბრალის დამძიმება ვერ მოხდება, რადგან საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11 სრულწლოვნის პირველი სასამართლო გაიმართა, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ. მოსამართლე მაია ოშხარელმა 11-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ამ სხდომაზე 11-დან 8 დაკავებულმა წარდგენილი ბრალდება უარყო. ორმა საბურთალოელმა, საბა ჩხარტიშვილმა და საბა გოგშელიძემ კი დუმილის უფლებით ისარგებლეს, ხოლო ბრალი ნაწილობრივ აღიარა ირაკლი წაქაძემ.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი კი 31 ივლისს გაიმართება.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.