თუ საქართველოში აშშ-ის ელჩად დამამტკიცებენ, ჩემი ყურადღება გამახვილებული იქნება ოთხ პრიორიტეტზე - რობინ დანიგენი

გამოქვეყნდა:

თუ საქართველოში აშშ-ის ელჩად დამამტკიცებენ, მე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად, რათა მათ აისრულონ საკუთარი ქვეყნის ევროკავშირში, ნატოსა და ზოგადად დასავლურ სამყაროში ინტეგრირების ოცნება - განაცხადა აშშ-ის კონგრესში მოსმენაზე ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგენმა.

დიპლომატს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმინეს. მან დაასახელა 4 პრიორიტეტი, რომელზეც ელზჩად დამტკიცების შემთხვევაში, ყურადღებას გაამახვილებს: 

"თუ საქართველოში აშშ-ის ელჩად დამამტკიცებენ, ჩემი ყურადღება გამახვილებული იქნება ოთხ პრიორიტეტზე.

პირველი, ეს არის ამერიკის საელჩოს ყველა თანამშრომლისა და საქართველოში მყოფი ყველა ამერიკელის უსაფრთხოების დაცვა.

მეორე, მე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად, რათა მათ აისრულონ საკუთარი ქვეყნის ევროკავშირში, ნატოსა და ზოგადად დასავლურ სამყაროში ინტეგრირების ოცნება. ეს სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც. საქართველოს დასავლეთში ინტეგრირება ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული საქართველო, რომელსაც საკუთარი საზღვრების დაცვისა და რუსეთის მხრიდან განხორციელებულ დამაზიანებელ ქმედებებთან გამკლავების უნარი აქვს. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ არსებობს გარკვეული შემაშფოთებელი ფაქტები, რომლებიც მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

მესამე, მე ხელს შევუწყობ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, რათა გაიზარდოს ექსპორტი და წახალისდეს ამერიკული კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტირება.
 
ჩემი მეოთხე პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რადგან რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ამ ქვეყნის ტერიტორიის 20%. მე ვიმუშავებ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ რუსეთს და ვაიძულოთ, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები." აღნიშნა რობინ დანიგენმა.

დანიგენი  ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს. მანამდე კი მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. პროტოკოლის მიხედვით, მოსმენების დასრულების შემდეგ ახალი ელჩი ამერიკის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი