თუ ადრე ნეიტრალურობას ცდილობდა, დღეს ის გახდა "ფორმულა 2" - კობახიძე "პალიტრაზე"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გაიმეორა ნარატივი იმის შესახებ, რომ "პალიტრა ჰოლდინგი" დაემსგავსა "ფორმულას" და თქვა, რომ ეს მსგავსებაა როგორც შინაარსში, ასევე დაფინანსების კუთხითაც. 

კობახიძემ თქვა, რომ ეს მისი ვარაუდია, მაგრამ საკუთარი ნათქვამის დასამტკიცებლად არანაირი მტკიცებულება არ აქვს. 

"მე არ მაქვს მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია, მაგრამ თუ გადავხედავთ ამ ტელევიზიის პროგრამის შინაარსს და ამის ცვლილებას გასული 3 თვის განმავლობაში, რეალურად აშკარად ჩანს, რომ არის აშკარად გარკვეული ცვლილებები, დაფინანსების ნაწილშიც. თუ ადრე "პალიტრა ჰოლდინგი" ცდილობდა პოზიციონირება, როგორც ნეიტრალური მაუწყებელი, დღეს ის გახდა უკვე კეზერაშვილის ტელევიზიის ანალოგი "ფორმულა 2". თუ ადრე ცდილობდა წარმოჩენილიყო, როგორც ზომიერ, დაბალანსებული დღეს დაემსგავსა ფორმულას და განსხვავება აღარ არის. ეს ყველაფერი ამყარებს ეჭვებს, რომ აქ ურევია კეზერაშვილის სისხლიანი ფული",- თქვა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ბოლო პერიოდში პალიტრას ტელევიზია "კეზერაშვილის სხვა ტელევიზიებს დაემსგავსა და ფორმულა 2 გახდა". ამის შესახებ კობახიძემ "იმედის" ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელმაც "ოცნების" თავმჯდომარეს ჰკითხა, რა ინფორმაცია აქვს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია პალიტრას თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი