ვერ წარმოვიდგენდი ჩემი შვილის პოლიტპატიმრის სტატუსს - ლაზარე გრიგორიადისის მამა

გამოქვეყნდა:

ლაზარე გრიგორიადისის მამა მისი შვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და წერს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ მის შვილს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი ექნებოდა. ბექა გრიგორიადისი წერს, რომ მისი შვილი არასდროს არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ ყოფილა.

"ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ჩემი შვილის პოლიტპატიმრის სტატუსს, არადა არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ არის და არც ყოფილა, ყოველთვის გადიოდა აქციაზე იმის მერე როცა დაინახავდა რობოკოპების ძალის გადამეტებას, უბრალოდ ვერ იტანს უსამართლობას, ამის გამო ბავშვს უმწარებთ ცხოვრებას?? მე ვარ ძალიან ცუდად ამ ყველაფერმა ჩემს ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა, არა უშავს ავიყვან თავს ხელში და ბოლომდე ვიბრძოლებ ხალხთან ერთად, სანამ ჩემი ლაზარე იქნება თავისუფალი... იმედს ვიტოვებ მთავრობა არ გასწირავს ჩემს შვილს", - წერს დაკავებული ბიჭის მამა სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება მას "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.

შსს-ს განცხადებით, მან 7 მარტს ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, დაწვა დაწვა პოლიციის კუთვნილი მანქანა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

გრიგორიადის დაკავების შესახებ სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის წარსულში "მამის მიმართ ძალადობაზეა ნასამართლევი". ასევე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ის "დროას" წევრი იყო. მოგვიანებით კი "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, რომ 21 წლის დაკავებულს "ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული".
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი