"რუსეთი ამერიკელ დიპლომატებს WSJ-ის დაკავებული ჟურნალისტის მონახულების უფლებას არ აძლევს" | კირბი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისევ მუშაობს რუსეთში დაკავებულ ამერიკელ ჟურნალისტ ევან ჰერშკოვიჩთან შეხვედრის უზრუნველსაყოფად, ის მოსკოვის "ლეფორტოვოს" ციხეში იმყოფება, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ამერიკელ დიპლომატებს WSJ-ის დაკავებული ჟურნალისტის მონახულების უფლებას ამ დრომდე არ აძლევს.

"ჩვენ ვერ მივიღეთ საკონსულო წვდომა და ჩვენი საელჩოდან ვერავინ შეძლო მასთან შეხვედრა. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამაზე მუშაობას და ვიმუშავებთ იქამდე, სანამ საკონსულო დაშვებას არ მივიღებთ, რათა გავარკვიოთ, როგორ არის  - თქვა კირბიმ.

გარდა ამისა კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ყველა მოქალაქემ, მათ შორის ჟურნალისტებმა რუსეთი უნდა დატოვონ. 

"ახლა ამერიკელებისთვის რუსეთში ყოფნის დრო არ არის. თუ ახლა რუსეთში იმყოფებით - საქმიანი თუ სიამოვნებისთვის, ნებისმიერი ტიპის მოგზაურობისთვის - ახლა უნდა წახვიდეთ. რუსეთი არ არის საუკეთესო ადგილი, თუნდაც თქვენ მომუშავე ჟურნალისტი ხართ. რუსეთი ახლა მტრული გარემოა ამერიკის მოქალაქეებისთვის. და დროა წახვიდეთ, თუ იქ იქნებით", - თქვა კირბიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს Wall Street Journal-მა აშშ-ს რუსი ჟურნალისტების და აშშ-ში რუსეთის ელჩის შეერთებული შტატებიდან გაძევებისკენ მოუწოდა. 

რაც შეეხება რუსეთს, კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა Wall Street Journal-ის მოწოდებას აბსურდული და არასწორი უწოდა, რადგან მისი თქმით, "მსგავსი ზომების საფუძველი არ არსებობს". 

გარდა ამისა, პესკოვმა აღნიშნა, რომ WSJ-ის დაკავებული ჟურნალისტი ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა, ხოლო რეალურ ჟურნალისტებს რუსეთში არანაირი შეზღუდვა არ ექმნებათ და იდეალურად მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი