WSJ-მა მათი ჟურნალისტის დაკავების გამო, აშშ-დან რუსეთის ელჩისა და რუსი ჟურნალისტების გაძევება მოითხოვა

გამოქვეყნდა:

რუსეთში ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩის დაკავების გამო,The Wall Street Journal-მა განაცხადა, რომ ელოდება რუსეთის ელჩისა და ჟურნალისტების გაძევებას შეერთებული შტატებიდან. 

"რუსეთის მიერ Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავება აძლიერებს კრემლის ჩვევას ამერიკელების მძევლად აყვანის შესახებ და ეს უფრო მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი შორდება ცივილიზებული ერების საზოგადოებას.

პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახლა პასუხისმგებელია ბ-ნი გერშკოვიჩის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე... ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა განიხილოს დიპლომატიური და პოლიტიკური ესკალაცია.

რუსეთის ელჩის შეერთებულ შტატებიდან გაძევება, ისევე როგორც აქ მომუშავე ყველა რუსი ჟურნალისტის, იქნება მინიმალური ნაბიჯი, რისი მოლოდინიც გვაქვს",- ნათქვამია განცხადებაში. 

The Wall Street Journal-ის ამერიკელი ჟურნალისტი, გერშკოვიჩი 29 მარტს დააკავეს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, სადაც ის ამზადებდა მასალას რუსი მილიარდერის, პუტინის მზარეულად წოდებული ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" დაჯგუფების შესახებ. კრემლი მას ჯაშუშურ საქმიანობას ედავება. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ევან გერშკოვიჩის დაკავების საპასუხოდ რუსი ჟურნალისტების შეერთებული შტატებიდან გაძევების მოთხოვნას  უსაფუძვლო უწოდა. ვლადიმერ პუტინის სპიკერმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებულ უცხოელ ჟურნალისტებს "არ ექმნებათ შეზღუდვები და იდეალურად მუშაობენ“, მაგრამ გერშკოვიჩის შემთხვევაში "ეს არის ჟურნალისტიკის საფარქვეშ ჯაშუშური საქმიანობა“.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი