21 წლის აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის მხარე აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში, ხვალ 2 აპრილს გაასაჩივრებს.
ლიკა ბითაძის თქმით, მოსამართლის მიერ დასახელებული დასაბუთებები მიმალვის შესახებ მხოლოდ შაბლონური ხასიათის იყო. გრიგორიადისის ადვოკატი ვარაუდობს, რომ სააპელაციო სასამართლო საჩივარს დასაშვებად არ ცნობს.
"არ ვეთანხმები მიღებულ გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, ის საფრთხეები, ყველაფერი, რაც დაასაბუთა ბრალდების მხარემ იყო მხოლოდ შაბლონური ხასიათის მატარებელი, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა. აქედან გამომდინარე, ვაპირებ, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრებას. პრაქტიკიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო დასაშვებად არ მიიღებს, თუმცა შეიძლება ვცდები. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ რჩება ის, რომ დაინიშნება არსებითი განხილვები, დაიკითხებიან მოწმეები, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მხრიდან და საბოლოო ჯამში, სასამართლო მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას", - თქვა ლიკა ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება მას "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთების დაზიანებას ედავება.
შსს-ს განცხადებით, მან 7 მარტს ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, დაწვა დაწვა პოლიციის კუთვნილი მანქანა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დღეს კი 20:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად, აქცია გაიმართება.