კაპიტოლიუმზე თავდასხმისას 4 ადამიანი ადგილზე მოკლეს, ჩვენთან თურმე ნორმაა, ანარქისტები შეგვეშვა პარლამენტში - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ისევ ანარქისტებს უწოდებს და პროტესტთან დაკავშირებით პარალელს ამერიკაში, კაპიტოლიუმზე თავდასხმასთან ავლებს. ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ანარქისტებს, ქვეყნის მტრებს, ქაოსის დამთესველებს" არ მისცემენ საშუალებას არეულობა შემოიტანონ.

"ერთი რამ მინდა ვთქვა, შევახსენო ყველას, მაგალითად აშშ-ში რაც მოხდა კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს, 4 ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, ადგილზე მოკლეს 4 ადამიანი რომელიც შეიჭრა კონგრესის შენობაში, ჩვენთან თურმე ნორმაა რომ ეს ანარქისტები შეგვეშვა პარლამენტის შენობაში, თურმე ნორმა არის რომ ცეცხლი გაუხსნან პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებით და პოლიციამ არ უნდა იმოქმედოს, ესე იგი არ უნდა დავიჭიროთ არავინ, არავინ არ უნდა დავსაჯოთ და ამ ანარქისტებს, ქაოსის დამთესველებს, ქვეყნის მტრებს მივცეთ საშუალება, რომ ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა, ამას რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიზამთ", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპაში როცა საქმე ეხება უსაფრთხოებასა და სტაბილურობას "მანდ უკომპრომისო ბრძოლა მიდის".  ღარიბაშვილის მტკიცებით, პოლიციამ მარტის აქციები "სუფთად დაშალა" და არავინ დაშავებულა.

"ჩვენ, ასე სუფთად ჩაატარა პოლიციამ ღონისძიება, არავინ არ დაშავებულა რეალურად, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ, და ამას დღეს გვეუბნებიან, რომ თურმე მოლოტოვის კოქტეილს რომ ისვრის ვიღაც ანარქისტი, ანარქისტები და ქვებს უშენენ პოლიციას, თურმე ამაზე უნდა დავხუჭოთ თვალი, ეს რა თქმა უნდა არ მოხდება", - თქვა ღარიბაშვილმა. 

მისივე მტკიცებით, არავის უსამართლოდ არ დასჯიან.

ცნობისთვის, "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე არაერთი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ერთმა ადამიანმა დაკარგა მხედველობა. მედიების მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს ძალის გამოყენებით როგორც შლიდა აქციას პოლიცია. გაშუქების დროს ხელი შეეშალათ ჟურნალისტებსაც, მათ შორის რამდენიმეს სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი