რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმესაათიანი შეხვედრა ექიმებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, მომავალ კვირას დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც აქციის მონაწილე ექიმების ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. 

"კონკრეტული შეთანხმება არ მიგვიღწევია. ჩვენ შევთანხმდით, რომ შემდეგ კვირაში დაგეგმილია მინისტრის პრეზენტაცია და მინისტრი დეტალურად გააცნობთ მათ იმ გეგმას, რა გეგმაც გვაქვს რესპუბლიკურთან დაკავშირებით. სამინისტროს პოზიციაა, რომ პერსონალი დაელოდოს წარდგენას, სადაც მათ ყველა შეკითხვას, რომელი შეკითხვაც გააჩნია, ამომწურავ პასუხს მიიღებენ, ჩემი აზრით და ყველა შევთანხმდებით, რომ ქვეყნის ინტერესშია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ძლიერი საუკეთესო კლინიკა", - თქვა ღუდუშაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აქციის მონაწილე ექიმები კი ამბობენ, რომ ისინი დაელოდებიან სამინისტროს პრეზენტაციას და ამის შემდეგ გააჟღერებენ სამომავლო გეგმებს. 

მათივე თქმით, ამ დრომდე მათ მთავარ მოთხოვნად კვლავ რესპუბლიკური საავადმყოფოს ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ზაზა ავალიანის გადაყენება რჩება.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები უკვე რამდენიმე დღეა რაც საპროტესტო აქციებს მართავენ. 

21 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებას ღია წერილი მისწერეს, რომელშიც აღნიშნავდნენ, რომ "სრულიად მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით". კლინიკის თანამშრომლები ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, "არ დაუშვას ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა".

კლინიკის თანამშრომლების პროტესტის საპასუხოდ, 27 მარტს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საუბარი არის იმავე და არა სხვა ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და ყველა თანამშრომელს სამსახური შეუნარჩუნდება. 

კლინიკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე 1 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დანგრევის შემთხვევაში, სამინისტრო პასუხისმგებლობას აიღებს დასაქმებულებზე.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი