ღარიბაშვილის მტკიცებით, მარტის აქციების დაშლისას არავინ დაშავებულა - ზაზა ბირიაშვილმა თვალში მხედველობა დაკარგა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, რუსული კანონის წინააღმდეგ 7-9 მარტს გამართული აქციების დაშლისას არავინ დაშავებულა. მან დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ პოლიციამ ღონისძიება სუფთად ჩაატარა.

"ჩვენ, ასე სუფთად ჩაატარა პოლიციამ ღონისძიება, არავინ არ დაშავებულა რეალურად, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ, და ამას დღეს გვეუბნებიან, რომ თურმე მოლოტოვის კოქტეილს რომ ისვრის ვიღაც ანარქისტი, ანარქისტები და ქვებს უშენენ პოლიციას, თურმე ამაზე უნდა დავხუჭოთ თვალი, ეს რა თქმა უნდა არ მოხდება", - თქვა ღარიბაშვილმა. 

არაერთი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აქციების დაშლის დროს მოქალაქეები დაშავდნენ. მათ შორის ზაზა ბირიაშვილმა ერთ თვალში მხედველობა დაკარგა. მას 7 მარტს აქციაზე სავარაუდოდ, მხუთავი აირის ბალონი მოხვდა თვალში. 

"დაშლილი იყო თვალი და ააწყეს, უბრალოდ დევს, თორემ ვერაფერს ვერ ვხედავ. მობრუნებული ვიდექი წყლის ჭავლი რომ გამოუშვეს , შევტრიალდი, გასროლის ხმა გავიგე და რაღაც მომხვდა. ხელკეტი მომხვდა თუ რა მომხვდა არ ვიცი", - ამბობდა ზაზა ბირიაშვილი 10 მარტს.

რამდენი მოქალაქე დაშავდა აქციაზე, ოფიციალურ სტრუქტურებს ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. აქციების გაშუქების დროს საქმიანობაში ხელი შეეშალათ ჟურნალისტებსაც, მათ შორის რამდენიმეს სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი