დაკავებისას მას ადვოკატის უფლება შეეზღუდა, მე არ მითქვამს, რომ პენიტენციურში არ შემიშვეს - გრიგორიადისის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

21 წლის დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე პენიტენციური დაწესებულების განცხადებას გამოეხმაურა. 

პენიტენციური სიცრუეს უწოდებდა ადვოკატის მანამდე გავრცელებულ განცხადებას, რომ დაწესებულებაში დაკავებულთან ადვოკატი არ შეუშვეს.

ბითაძე განმარტავს, რომ მას მსგავსი კომენტარი არ გაუკეთებია და თქვა, რომ გრიგორიადისს ადვოკატის უფლება მისი დაკავების მომენტში დაერღვა.

"როგორც ჩანს, პენიტენციურმა ჩემი კომენტარი ან საერთოდ არ მოისმინა, ან წესიერად ვერ გაიგო. მე განვმარტე, ლაზარეს დაკავებისას, საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, ჰქონდა უფლება, ჰყოლოდა ადვოკატი. დაკავებისას მას ადვოკატის უფლება შეეზღუდა, მე არ მითქვამს, რომ პენიტენციურში ადვოკატი არ შეუშვიათ, აბსოლუტურად სხვადასხვაა", - თქვა ლიკა ბითაძემ.

შეგახსენებთ, ადვოკატმა 3 აპრილს გრიგორიადისისთვის უფლებების შესაძლო დარღვევაზე ისაუბრა. კერძოდ, ადვოკატის თქმით, დაკავებულს საპატიმროში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.

გარდა ამისა, ადვოკატმა განაცხადა, რომ დაკავებისას მას ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს.

დაცვის მხარე ასევე საუბრობდა პოლიციელების მხრიდან მუქარაზე. მისი თქმით, გრიგორიადისს უთხრეს, რომ თუ ის აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მის მეგობრებს დაიჭერდნენ.

პენიტენციურმა ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. 

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი