"სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს" - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. უწყება ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ლაზარეს თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.
2023 წლის 31 მარტს 11:00 საათზე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებულ იქნა ბრალდებული ლ.გ.
დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას.
მან ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით.
სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ.
ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. ბრალდებულ ლ. გ-ს დაცვის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, სრულად გარანტირებულია პენიტენციურ დაწესებულებებში. ბრალდებული დაწესებულებაში მოთავსების დღესვე, 2023 წლის 31 მარტს 21:50 საათზე, მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, - წერს პენიტენციური.