"ჩვენებას თუ არ მივცემდი, ჩემს მეგობარს დააკავებდნენო" | გრიგორიადისის ადვოკატი სავარაუდო მუქარაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თავდაპირველად ჩვენება მუქარის ფონზე მისცა. ამის შესახებ მან გრიგორიადისთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

როგორც დაკავებულმა საკუთარ უფლებადამცველს განუმარტა, იმ შემთხვევაში თუ იგი აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, პოლიციელები მისი მეგობრის დაკავებით დაემუქრნენ.

"ვესაუბრეთ თავიდან ბოლომდე ლაზარეს, მოგვიყვა თითქმის თავიდან ბოლომდე. ცალსახად დაირღვა მისი უფლებები, პირველი დავიწყებ იმით, რომ მისი სურვილია რა თქმა უნდა, რომ გავაჟღერო. დაირღვა ადვოკატის ნაწილში, მან განმარტა, რომ იგი ითხოვდა ადვოკატს, რაზედაც მას ადვოკატი არ მოუყვანეს. არამარტო ეს, იყო ასეთი რამე, რომ დაკავებისას მას მიაწოდეს მისი ტელეფონი და უთხრეს, რომ დაერეკა ადვოკატისთვის მან რომ აკრიფა ტელეფონის კოდი, მომენტალურად გამოგლიჯეს ხელიდან, იმიტომ რომ უნდოდათ კოდის გაგება და ადვოკატთან არ დაარეკვინეს.

შემდგომ უკვე დეპარტამენტში ზემოთ, არ იცის სახელი და გვარი დეპარტამენტის ვინმე უფროსის, იმიტომ რომ ჰგავდა უფროსსო როგორც თვითონ ამბობს, შემოვიდა და მითხრაო, რომ ადვოკატს არ მოგიყვანთო და ამავე დროს ის, რომ თუ მე ჩვენებას არ მივცემდიო და რა თქმა უნდა ეს უნდა ყოფილიყო აღიარებითი ჩვენება, მაგ შემთხვევაში დააკავებდნენ ჩემს მეგობარს გიორგი ჯარიაშვილსო.

ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ ამ ეტაპზე ისევ დუმილის უფლებას გამოვიყენებო, აქციაში მონაწილეობას რა თქმა უნდა არ უარყოფს, თვითონ მონაწილეობას, რომ იყო იქ ნამდვილად, გამოვიყენებ დუმილის უფლებას და პირველივე სასამართლოზე მივცემ ჩვენებასო, რა იყო რეალურადო", - თქვა ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. 

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ 21 წლის აქტივისტის წინააღმდეგ "ოცნება" დისკრედიტაციულ განცხადებებს აკეთებს: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი