იურისტი დავით ჯანდიერი "მთავარ არხთან" განმარტავს, რა მიმართულებით შეიძლებოდა დარღვეულიყო ლაზარე გრიგორიადისის უფლებები, მაშინ როცა პენიტენციურ დაწესებულებაში მას თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.
ჯანდიერის თქმით, 2003 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ანალოგიური გარემოების საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ლახავს პატიმრის ღირსებას და წარმოადგენს დამამცირებელ მოპყრობას.
ჯანდიერის თქმითვე, გასათვალისწინებელია ასევე 21 წლის აქტივისტის დაკავების კონტექსტი და გრიგორიადისის ვიზუალურ მხარესთან დაკავშირებით ის განცხადებები, რასაც მმართველი პარტია მისი დისკრედიტაციისთვის აკეთებს.
"2003 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებების საქმეზე. პატიმრისთვის თმის იძულებით გადაპარსვა, მასში აჩენს არასრულფასოვნების განცდას, ვინაიდან მისი გარეგნობის ცვლილება ხდება მისი ნების საწინააღმდეგოდ. ამდენად, ევროპული სასამართლოს სტანდარტით, რომელიც იანკოვის საქმეზე იქნა გამოტანილი, ეს ლახავს პატიმრის ღირსებას და წარმოადგენს დამამცირებელ მოპყრობას. თუ გავითვალისწინებთ იმ კონტექსტს რა კონტექსტშიც ხდებოდა ლაზარეს დაკავება და რა უძღოდა წინ, მათ შორის განცხადებებს მის ვიზუალურ მხარესთან დაკავშირებით, ჩემთვის პრინციპში, არავითარი კითხვის ნიშანი არ ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ იძულებას ჰქონდა ადგილი, რომ მას შეეცვალა მისი გარეგნული სახე", - თქვა დავით ჯანდიერმა.
შეგახსენებთ, ადვოკატმა 3 აპრილს გრიგორიადისის უფლებების დარღვევაზე ისაუბრა. კერძოდ, ადვოკატის თქმით, დაკავებულს საპატიმროში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.
გარდა ამისა, ადვოკატმა განაცხადა, რომ დაკავებისას მას ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს.
დაცვის მხარე ასევე საუბრობდა პოლიციელების მხრიდან მუქარაზე. მისი თქმით, გრიგორიადისს უთხრეს, რომ თუ ის აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მის მეგობრებს დაიჭერდნენ.
პენიტენციურმა ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.