რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან გოფოძე "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ მისი პროკურატურაში დაბარება კლინიკაში მიმდინარე პროტესტში მონაწილეობას არ ეხებოდა. მისი თქმით, კლინიკაში პანდემიისას ჩატარებული სარემონტო სამუშაოების საკითხზე გამოკითხეს. გოფოძე პროკურატურაში გუშინ დაიბარეს.
ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურას არ გაუვრცელებია.
"შეკითხვა შეეხებოდა კოვიდ პანდემიის დროს, როდესაც გაკეთდა ძველ შენობაში ოთხი სართულის ნახევრის რეაბილიტაცია. მზად ვარ, რომ ყველა შეკითხვას ვუპასუხო, პრობლემა არ მაქვს. [შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს თქვენ მიმართ?] მე რაც ვუპასუხე და იქ რაც გაირკვა, მე მგონია, რომ არა. გარდა იმისა, რომ არანორმალურად ვიშრომეთ, მეტი ბენეფიტი მაგ საქმეს და მაგ წლებს ჩემთვის არ ჰქონია ცხოვრებაში", - ამბობს გოფოძე.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები უკვე მეორე კვირაა აქციებს მართავენ და სამინისტროს მიერ დაანონსებულ კლინიკის ნგრევას აპროტესტებენ. ისინი ასევე ითხოვენ, თანამდებობა დატოვოს კლინიკის მოქმედმა დირექტორმა ზაზა ავალიანმა.