ბოკერიასთან ჩხუბისთვის მზად ვარ - ალეკო ელისაშვილი

გამოქვეყნდა:

"მთელი პრობლემა ოპოზიციაში, მე რასაც ვუყურებ, არის ის, რომ უკვე არ ვიცი, ვის უნდა სინამდვილეში "ქართული ოცნების" დამარცხება, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "მოქალაქეებისთვის" თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა. როგორც "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" თქვა, ოპოზიცია არ ლაპარაკობს იმაზე, რაზეც უნდა ილაპარაკოს.

მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ხალხის რეალური პრობლემების მოგვარებაზე უნდა საუბრობდნენ, როგორიცაა განათლება, სოფლის მეურნეობა, უფულობა და ა.შ.

დრო რაში იკარგება.. ერთი პერიოდი კარგი, ვიჩხუბეთ მე და ბოკერიამ, მითხრა, ვუთხარი, მითხრა, ვუთხარი, ისეც ვიჩხუბებთ თუ დიდი სურვილი ექნებათ და ამისთვის მზად ვარ. მაგრამ ეს ვის აინტერესებს, ჩაცხრა ეს ამბავი თითქოს, ახლა ისევ წამოვიდა და ტელევიზიებში ისმენ მარტო აბა მე შენ შემოგთავაზე და ა.შ.. ვის ესმის ეს სქემები ვინმემ ამიხსნას... მთელი პრობლემა ოპოზიციაში, მე რასაც ვუყურებ, არის ის, რომ უკვე არ ვიცი, ვის უნდა სინამდვილეში "ქართული ოცნების" დამარცხება - ამბობს ელისაშვილი. 

წამყვანის კითხვაზე, ვისში ეპარება ეჭვი, ელისაშვილი პასუხობს, რომ: "შეხედეთ, ვინც უფრო მეტს წვალობს, იმათ დააკვირდით". 

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკოსების უმეტესობას კოლეგად არ თვლის და ამბობს იმასაც, რომ 
"პოლიტიკოსები კი არა, ცეხავიკობა აქვთ მარტო ტვინში და კიდევ უფრო მეტი ფული როგორ იშოვონ ამ ქვეყანაში, დიდ ნაწილს ეს მიზანი აქვს". 

გადაცემის მსვლელობისას, თეა ადეიშვილმა მას კიდევ ერთხელ ჰკითხა, რომელ პოლიტიკოსზე ლაპარაკობდა კონკრეტულად, თუმცა ელისაშვილმა არც ამჯერად დააკონკრეტა და თქვა: "რომელი პარტიაც ყველაზე მეტს იჭაჭება, ის". 

უთანხმოება ალეკო ელისაშვილსა და "ევროპული საქართველოს" ლიდერებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა. სწორედ მისგან გახდა ცნობილი, რომ ელისაშვილი მაჟორიტარებთან დაკავშირებით ორ ადგილს ითხოვდა და უარის მიღების გამო გამოეთიშა ოპოზიციურ ერთობას. ამის შემდეგ, ელისაშვილი ოპოზიციურ ლიდერებს "მექრთამეებსა და ხალხის ფულის ქურდებს" უწოდებს. გიგა ბოკერია კი "ცეხავიკად" მოიხსენია.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილმა "ლეიბორისტული მაგიდის" ირგვლივ არსებული ოპოზიციური ერთობა კონსულტაციების მიმდინარეობის დროს დატოვა, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილ წევრ ანა დოლიძესთან და "ქართული ოცნებიდან" წამოსულ ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა. ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნებზე, სამივე მათგანმა საკუთარი კანდიდატურა თბილისის ოლქებში წარადგინოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი