"სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს... იქნება კომუნიკაცია მთავრობებს შორის" | თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

"სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს... იქნება კომუნიკაცია მთავრობებს შორის" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახდეპის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. 

"სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ვგულისხმობ. ეს ერთი. მეორე, თქვენ იცით, რომ სასამართლო, ისევე როგორც სხვა დემოკრატიული ინსტიტუტები ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით...

დღეს დაასანქცირეს ოთხი მოსამართლე. ამ ოთხიდან ერთი, ბატონი ცერცვაძე, დიდი ხანია აღარ მუშაობს სასამართლოში. დანარჩენი სამი, იერარქიულად სხვადასხვა პოზიციებზე არიან. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სასამართლოში დაბრუნდა ბალანსი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები, სასამართლოსთან დავისას, თანაბრად იგებენ საქმეებს," - ამბობს თალაკვაძე. 

მისივე თქმით, სახდეპის დღევანდელი განცხადება ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა და პარტია ამ საკითხს სერიოზულად მოეკიდება. თალაკვაძე ამბობს, რომ მომდევნო ნაბიჯებს საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობენ. 

"...არ არის სამართლიანი ასეთი ინსტრუმენტის გამოყენება. მეტიც, კატეგორიულად მიუღებელია. როცა ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი სტრატეგიული პარტნიორობაა, ასეთი ინსტრუმენტის გამოყენება არ არის სამართლიანი... ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით ნებისმიერ შემთხვევაში, რასაკვირველია, იქნება კომუნიკაცია მთავრობებს შორის" - თქვა მან.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი