
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე განცხადება გასული წლის შემდეგ "თაროზე აქვთ შემოდებული". პაპუაშვილის თქმით, კომისიის შექმნაზე ოპოზიციას თავად სთხოვდა განცხადების გამოტანას პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის.
"რაც შეეხება საგამოძიებო კომისია, ამ თემაზე კომისიის ჩამოყალიბებაზე განცხადება ოპოზიციას ჰქონდა შარშან, თუ არ ვცდები, დეკემბერში, იმის შემდეგ მე პირადად ვეხვეწებოდი, რომ გამოეტანათ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის და აქამდე არ გამოჰქონდათ. ახლა რა საჩქაროა, რომ ითხოვენ რიგგარეშე სხდომას არ ვიცი. მითუმეტეს დღეს პარასკევია, სასესიო დღეა, თუ მაინცდამაინც უნდოდათ, დღეს უნდა ყოფილიყო ხომ? თავად თაროზე აქვთ შემოდებული, მე ვეუბნებოდი გამოიტანეთ და უარს ამბობდნენ გამოტანაზე და ახლა ამბობენ, რომ დაჩქარებული წესით უნდათ რიგგარეშე სესია",- თქვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მოსამართლეების დასანქცირების საკითხზე განცხადებაში საუბარია ღია წყაროებზე: "რა საგამოძიებო კომისია სჭირდება ღია წყაროებს? დასხდნენ, დაგუგლონ, წაიკითხონ ანგარიშები და მოისმინონ მედიარეპორტაჟები",- ამბობს პაპუაშვილი
ცნობისთვის, 4 მოსამართლის დასანქცირების შემდეგ, ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საპარლამენტო ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს რიგგარეშე სესიის ჩანიშვნის მოთხოვნით მიმართა. მათი განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა ივნისიდან უკვე ინიცირებულია, ბიუროც გავლილი აქვს და ახლა კენჭისყრაზე გატანა სჭირდება.