
მთავრობის ადმინისტრაციასთან სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია. ტერიტორიაზე, სადაც ოფიციალური ინფორმაციით, სკვერის მოწყობა იგეგმება, ბოძებია დამონტაჟებული. კანცელარიასთან სკვერის მოწყობა ისე დაიწყო, რომ მერიისგან ოფიციალური ნებართვა გაცემული არ ყოფილა.
თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ რომელი კომპანია შეასრულებს სამუშაოებს, არ იცის, მისთვის მთავარია, რომ იქ კეთდება სკვერი, რაც ძალიან კარგია.
"ჯერ თანხმობა არ არის გაცემული, ამ დღეებში გაგრძელდება მუშაობა, გარემოს დაცვის სამსახურიც ჩართული არის, არქიტექტურის სამსახურიც და მას შემდეგ რაც გაიცემა თანხმობა, მერე გაგრძელდება, კი არა ჩატარდება სამუშაოები. სამუშაოები არ დაწყებულა, მე როგორც ვიცი, მოსამზადებელი ჩატარდა, მასალები მიიტანეს უბრალოდ ადგილზე და ღობის მომზადება დაიწყო. ვეცდებით ძალიან მალე გავცეთ თანხმობა, ამას მშენებლობის ნებართვა არ სჭირდება, ეს არის პირველი კლასის ნაგებობა", - თქვა ხმალაძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრი, ბესიკ დონაძე ამბობს, რომ 7 აპრილს აღნიშნული სამუშაოები უკანონო იყო. მისი თქმით, კომპანია, რომელმაც ბოძების მონტაჟი განახორციელა, "დელტა მშენებელია". დონაძის თქმით, ის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიაა და უფლებამოსილება არ აქვს კანცელარიის წინ სკვერი მოაწყოს.