ერთ საათზე მეტია, რაც ათონელის რეზიდენციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატების წევრებთან გასაუბრება მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 19 კანდიდატიდან 8 უკვე შეარჩია, მათ შორის ვერ მოხვდა "ქართული ოცნებისთვის" სასურველი კანდიდატი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე დატოვა საბჭოს წევრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი ბაქრაძემ.
"ქართულ ოცნებაში" უარყოფენ, რომ ლაშა ხუციშვილი მათთვის სასურველი კანდიდატია.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მათივე თქმით, მათ საერთოდ არ ჰქონიათ ინფორმაცია თუ ვინ იქნებოდა პრეზიდენტის მიერ არჩეულ კანდიდატებში.
"პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული კონკურსი იყო დახურული, შესაბამისად ჩვენ არ ვიცით, ვინ მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში. ცოტა გასაკვირია, თქვენ საიდან იცით ის, რაც დახურული იყო, თუმცა თქვენს ლოგიკას თუ გავყვებით, ასევე უნდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით პრეზიდენტს პარლამენტისთვის რაიმე სია კანდიდატურასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია, მინდა დაგარწმუნოთ, რომ როდესაც ის წარმოადგენს განსახილველ სიას, პარლამენტი რეგლამენტის სრული დაცვით განიხილავს ამ კანდიდატურებს", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
კანდიდატებთან გასაუბრება მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ კი პრეზიდენტი საკუთარ შედგენილ სიას პარლამენტს წარუდგენს. წარდგენილ სიას კი დეპუტატებმა უნდა დაუჭირონ მხარი.