"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანი წითლიძე ოპოზიციონერების ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ რიგგარეშე სხდომის თარიღთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო. მისივე თქმით, ტყუილია, რომ მისი და ლევან ხაბეიშვილის გამო ვერ იქმნება საგამოძიებო კომისია, რადგან თვის ბოლომდე კიდევ ორი დეპუტატი პარლამენტში არ იქნება.
"ჩვენი მივლინების თარიღები იყო დაგეგმილი 10-დან 13 აპრილამდე, ამიტომაც, ცოტა გაუგებარია ეს ისტერიკა. ასევე, მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მხარს ვუჭერ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რიგგარეშე სხდომის თარიღთან დაკავშირებით მე არ ვიყავი ნამდვილად ინფორმირებული. მე მოვუწოდებ, რომ უფრო ორგანიზებულები იყვნენ და სათითოდ იქონიონ ყველა დეპუტატთან კომუნიკაცია. გარდა ამისა, ტყუილია, რომ მხოლოდ ჩემი და ლევან ხაბეიშვილის გამო ვერ იქმნება საგამოძიებო კომისია, დამატებით, კიდევ ორი დეპუტატი ვერ იქნება თვის ბოლომდე წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, სულ რომ ხვალ მე და ბატონი ხაბეიშვილი ვყოფილიყავით პარლამენტში და ხმა მიგვეცა საგამოძიებო კომისიისთვის, საგამოძიებო კომისია მაინც ვერ შეიქმნებოდა", - ამბობს წითლიძე.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია, მომავალ სასესიო კვირას, როცა ამ საკითხზე კენჭისყრა იქნება, ყველა დეპუტატი დარბაზში იყოს. იხილეთ:
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი.