
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხად კრემლი აცხადებს, რომ რუსეთში დაკავებულმა Wall Street Journal-ის ჟურნალისტმა რუსეთის კანონმდებლობა დაარღვია.
"შეერთებულ შტატებს შეუძლია და უნდა დაიცვას თავისი მოქალაქის უფლებები, რომელიც დაიჭირეს და რომელმაც დაარღვია რუსეთის ფედერაციის შესაბამისი კანონი. სწორედ ამაშია ის ეჭვმიტანილი. ეს არის ყველაფერი რაც შემიძლია ვთქვა", - თქვა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ევან გერშკოვიჩს ოფიციალურად წარედგინა ჯაშუშობის ბრალდება. ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს. გერშკოვიჩის ადვოკატების მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს მოსკოვის სასამართლო 18 აპრილს განიხილავს.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ევან გერშკოვიჩი ოფიციალურად მიიჩნია რუსეთის მიერ "არამართებულად დაკავებულად" და რუსეთს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ოფიციალურად აღიარება ხაზს უსვამს შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებებს, რომ რეპორტიორის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებები უსაფუძვლოა. ეს ნაბიჯი აშშ-ს მეტ შესაძლებლობას მისცემს გამონახოს ნებისმიერი გზა ჟურნალისტის გასათავისუფლებლად.
ჟურნალისტი ეკატერინბურგში 29 მარტს დააკავეს.