
პროკურატურამ თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას სროლის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებიდან ირკვევა, ბრალდებული პოლიციამ 9 აპრილს დააკავა:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 აპრილს, ჟვანიას ქუჩის მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, ბრალდებულმა მის სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ერთჯერადად გაისროლა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 9 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება გრძელდება დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ვაკეში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების ვიდეო 8 აპრილს გავრცელდა. კადრებში ჩანს 10-მდე ახალგაზრდა, რომლებიც ჟვანიას ქუჩაზე, ჯერ სიტყვიერად, შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. იყო სროლაც. კადრებში ასევე ჩანს, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს ავტომობილს აჯახებდნენ.