არჩევნები ოლიგარქის პირადი პოლიტპატიმრით - შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი გიორგი რურუას

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუას ციხეში დატოვებით, "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად გააფორმა გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის გადამწყვეტ არჩევნებს პოლიტპატიმრით ატარებს. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა რვა მარტის შეთანხმება დაარღვია და ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, გამოეშვა ციხიდან ყველა პოლიტპატიმარი, უარი თქვა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გიორგი რურუას ჯერ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება, შემდეგ კი ეს განაჩენი, ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა. 

საერთაშორისო პარტნიორები არჩევნების წინ ასე მარტივად ქვეყანაში პოლიტპატიმრის არსებობას რომ არ გაატარებენ, ეს დღეს ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას განცხადებითაც დადასტურდა. გიორგი რურუას განაჩენიდან ორ საათში, ევროპელმა პოლიტიკოსმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ არჩევნებზე კლიმატის გასაუმჯობესელბლად, პოლიტპატიმარმა ციხე უნდა დატოვოს. ანა ფოტიგამ პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდა. 

სალომე ზურაბიშვილს დღეს არაფერი უთქვამს. პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კი კონსტიტუცია შეგვახსენა და თქვა, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. ტრადიციულად, "ოცნებამ" პასუხისმგებლობა ყველაფერზე მოიხსნა. გახარია ამტკიცებდა, რომ მოსამართლემ განაჩენი პოლიტიკური ნიშნით არ გამოიტანა და იყო ტელევიზიის მფლობელი, ეს ალიბი არ არის. 

არადა, სწორედ გიორგი გახარიას მოუწოდა და გააფრთხილა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 3 დღის წინ, რომ სასამართლო სისტემისა და საარჩვენო პროცესების პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს. ინფორმაცია გახარია-პომპეოს სატელეფონო საუბრის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამ გაფრთხილებიდან მესამე დღეს კი "ოცნებამ" სასამართლო სისტემა ისევ პოლიტიკური ნიშნით გამოიყენა და გიორგი რურუა ციხეში კიდევ ოთხი წლით დატოვა. 

გიორგი რურუას ციხიდან გამოშვება 8 მარტის შეთანხმების ვალდებულება იყო. "ქართული ოცნება" რამდენიმე თვის განმავლობაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საერთოდ უარს ამბობდა. ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შემდეგ, მმართველი პარტია იძულებული გახდა მისივე ვალდებულება ნაწილობრივ მაინც შეესრულებინა, თუმცა პრეზიდენტის ხელით. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტპატიმრები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. "ქართული ოცნება" გიორგი რურუას გათავისუფლებაზე დღემდე უარზეა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი